სახელოვანი მეცნიერის სტუმრობა
2010წ. 18 ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტმა მოაწყო აფხაზეთის მკვიდრი ცნობილი ქართველი მეცნიერის, სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულის, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეთნოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის გივი წულაიას ორტომეულის “საქართველოს სილუეტების” განხილვა. ამ ღონისძიებას თავად ავტორიც დაესწრო. დასახელებული ნაშრომი განიხილეს და ბატონ გივი წულაიას სამეცნიერო მოღვაწეობაზე ისაუბრეს პროფესორებმა: ჯონი აფაქიძემ (სსუ-ს რექტორი), ზურაბ პაპასქირმა, დავით დოლბაძემ, ბორის კვარაცხელიამ, ოთარ ჟორდანიამ, ლია ახალაძემ, სალომე ბახია-ოქრუაშვილმა, ბეჟან ხორავამ. გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ პროფესორ გივი წულაიას სამეცნიერო მოღვაწეობა რუსეთში ია-ვარდებით მოფენილი არასდროს ყოფილა. იგი მუდამ ქართული საქმის და საქართველოს ინტერესების სადარაჯოზე იდგა და თავისი ობიექტური კვლევებით დაუნდობლად ამხელდა საქართველოს ისტორიის გამყალბებლებს. მათ სახელოვან მეცნიერს სამშობლოში დაბრუნება უსურვეს. ბატონმა გივიმ მადლობა გადაუხადა სსუ-ს გულთბილი დახვედრისა და მასპინძლობისათვის. ღონისძიებას ესწრებოდნენ სსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.